Monday, December 10, 2012

ახალი წელი




თბილისში საინტერესო საახალწლო ტრადიციები არსებობდა. დღესასწაული სახალხო მხიარულებითა და სეირნობებით, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნებოდა – ეს ასეa დღესაც. თუმცა დროთა განმავლობაში გაქრა რამოდენიმე წეს-ჩვეულება. ძველად, თბილისის მაცხოვრებლები ახალი წლის ღამეს სახლის კარებს ღიას ტოვებდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ ამ დროს შეიძლებოდა ბედნიერებას ჩამოევლო და თუ კარი დაკეტილი დახვდებოდა, ბედნიერება სახლს გვერდს აუვლიდა. განსაკუთრებული რიტუალი უკავშირდებოდა საახალწლო სუფრასაც – ტაბლას. ტკბილეულითა და ხილით დამშვენებული ტაბლის ოთხივე კუთხეში დიასახლისი საკუთარი ხელით ჩამოსხმულ სანთლებს ანთებდა. ახალი წლის შემობრძანებასთან ერთად ოჯახის უფროსი ტაბლით ხელში მთელს სახლს შემოუვლიდა. მოზეიმეებს სწამდათ, რომ ამ დროს მას თან მფარველი ანგელოზი დაჰყვებოდა, რომელსაც ოჯახისათვის კეთილდღეობა და ბარაქა მოჰქონდა.
დრო გადის, ტრადიციები იცვლება და ახალ ჩვეულებებს ეყრება საფუძველი. მაგრამ ამის მიუხედავად, არ იცვლება ყველაზე მთავარი – ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. მთავარია მას ღიმილით შევეგებოთ, რადგან ერთი ტრადიცია ნამდვილად უცვლელია და ყველა ადამიანს აერთიანებს – ესაა რწმენა იმისა, რომ ახალი წელიწადი ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებას დაუდებს დასაბამს. 
საახალწლო ტრადიციები
საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია - მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ახალ წელს საქართველოში ხშირად ,,ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია  წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. ,,ბასილას კვერები.” 
ახალი წლის ისტორია
საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. შემორჩენილი ცნობების მიხედვით, IV სუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX ასწლეულის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან-მარტიდან იწყება. იანვარში ახალი წლის დღესასწაული, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. იანვარში დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციასთან ერთად ფეხს იკიდებს უამრავი წეს-ჩვეულება
ალილოს ისტორიასაქართველოს ყველა კუთხეში შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე განსაკუთრებული განწყობა იგრძნობოდა. წირვის დასრულების შემდეგ, მგალობლები თითოული ჭიშკრის წინ ჩერდებოდნენ და ყველას ქრისტეშობას ულოცავდნენ. მათ თან დაჰქონდათ კალათები, რომლებსაც მოსახლეობა პროდუქტებით, ტკბილეულითა და სხვადასხვა ნივთებით ავსებდა. ალილოს მონაწილეთა მსვლელობა დიდხანს გრძელდებოდა, თუმცა მისი კულმინაცია შეგროვილი შესაწირის გაჭირვებული ოჯახებისთვის გადაცემა იყო. სწორედ ქველმოქმედება დაედო საფუძვლად ალილოს ტრადიციას.  
ალილო საშობაო საგალობელია
ალილო ქართული საგალობელია, რომელიც შობის წინა ღამეს სრულდება. სწორედ საგალობლის სახელწოდება დაედო საფუძვლად საქართველოში საუკუნეების წინ დამკვიდრებულ საშობაო ტრადიციას. ეს ტრადიცია საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა - შობა დღეს ხალხი კარდაკარ დადიოდა და შესაწირს აგროვებდა, რომელსაც შემდეგ გაჭირვებულებს გადასცემდა. წლიდან წლამდე, საუკუნეების მანძილზე საქართველოში ალილოს მტკიცედ იცავდნენ
ალილო დღეს
XX საუკუნეში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, რამოდენიმე ათეული წლის მანძილზე, ალილოს ტრადიცია დავიწყებას მიეცა, თუმცა 1990 – იან წლებში იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II_ის მიერ აღორძინდა. აქედან მოყოლებული ყოველი წლის შობა დღეს, სადღესასწაულო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა ეკლესიის მრევლი გალობით უერთდება ალილოს საზეიმო მსვლელობას
შეუერთდი ალილოს
ალილოს საზეიმო პროცესიას წინ სამღვდელოება მიუძღვის და შობის ხატს, საწინამძღვრო ჯვრებს და დროშებს მიაბრძანებს. მათ მგალობლები და მორწმუნეები მიჰყვებიან და გზადაგაზა შესაწირს აგროვებენ. გალობით მიმავალ მრევლს გზადაგზა გამვლელებიც უერთდებიან. დიდი თუ პატარა საერთო სიხარულის მონაწილე ხდება. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში სრულდება, სადაც შეკრებილ მრევლს შობის დღესასწაულს კათოლიკოს-პატრიარქი ულოცავს და ლოცვას აღავლენს.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუერთდეს ალილოს საზეიმო მსვლელობას – ეს მართლაც დაუვიწყარი და შთამბეჭდავი სანახაობაა.

ჩინური კალენდრით 23 იანვარს ახალი, 4710 წელი იწყება.
უხსოვარი დროის ჩინური ლეგენდის თანახმად ღმერთებს ცხოველებისთვის მარათონი მოუწყვიათ. მცირე ზომის ვირთხა ლომებს და ვეფხვებს შორისაც ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა. გაძვრა, გამოძვრა და ფინიშზე პირველი გამოცხადდა. თორმეტი გამარჯვებული ღმერთებმა თურმე სპეციალურ საპატიო სიაში შეიყვანეს. მოგვიანებით სწორედ ეს 12 ცხოველი იქცა ჩინური ზოდიაქოს სიმბოლოებად.
წელს ჩინური კალენდრით დრაკონის წელიწადია. მათთვის, ვინც ჩინურ კალენდარს მისდევს, დრაკონი ყველაზე ძლიერ, ბედნიერ, იღბლიან და საქმიანობისთვის ხელსაყრელ წლად ითვლება. ჩინეთში ბევრი მშობელი ცდილობს შვილი დრაკონის წელს დააქორწინოს, ჩინელი წყვილები კი „დრაკონის ბავშვებზე“ ზრუნვას რამდენიმე თვით ადრე იწყებენ.
ახალ წელს ჩინელები შინ შეძლებისდაგვარად უხვი სუფრით, ქუჩაში კი აღლუმებით და ფეიერვერკებით ხვდებიან. ტრადიციულად ტანსაცმლის და დეკორაციების ფერი წითელია, ტრადიციული კერძი კი – დიდი, შემწვარი თევზი, რომელიც სიუხვის, ბარაქის და დოვლათის სიმბოლოდ ითვლება.  ასევე მზადდება „დამფლინგები“, რომელიც რაღაცით თითქოს ქართულ ხინკალს ჩამოგავს. „დამგლინგი“ თხელ ცომში გახვეული გატარებული ხორცია. სხვადასხვა რეცეპტის მიხედვით ზოგჯერ  წყალში და ზოგჯერ ორთქლში იხარშება, ხან კი ცხიმში იწვება. დესერტად კი სუფრაზე 12 სახის მრგვალი ხილია მიღებული, რომელიც თითოეულ თვეში ფულის მომტან სიმბოლოს განასახიერებს  და კიდევ ანანასი – კეთილდღეობის სიმბოლო.
ჩინეთის გარდა ახალ წელს დღეს ჰონ კონგი, ინდონეზია, მაკაუ, მალაიზია, ფილიპინები, სინგაპური, ტაივანი, ტაილანდი და უამრავ სხვა ქვეყანაში მდებარე „ჩაინა-თაუნები“, ანუ ჩინელებით მჭიდროდ დასახლებული უბნები, აღნიშნავენ.
„ჩინური ჰოროსკოპების მემგონი დასავლეთში უფრო სჯერათ, ვიდრე ჩვენთანო“ – ამბობდა ხოლმე ჩემი მეგობარი, ლიჰაის უნივერსიტეტის ჩინური ენის პროფესორი, ლიმეი შანი. იმის მიუხედავად, რომ ასტროლოგია სამეცნიერო ტერმინოლოგიას ხშირად იყენებს, მას მეცნიერულ მტკიცებულებებთან საერთო მაინც არაფერი აქვს.
თუმცა ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ახალი წელი, უფრო სწორად კი როგორც მას ჩინელები უწოდებენ -ახალი სამთვარო წლის დასაწყისი – ოჯახური ერთობის, მეგობრების ერთად შეკრების მხიარულების და ჩინური ხალხური ტრადიციების პატივისცემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.

No comments:

Post a Comment